შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 1441 ვიდეოკამერა დაამონტაჟა, მათ შორის 646 ე.წ. "ჭკვიანი" კამერაა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამერები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით მონტაჟდება.
ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ის ავტომობილები დაჯარიმდებიან, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
შსს-ს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.
„იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.