19 მარტი 2019,   14:51
ვრცლად
მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა - სამუშაო ჯგუფში, სავარაუდოდ, მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს და პარლამენტის წევრები შევლენ

უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სია შესაძლოა, ჩავარდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ.

ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შერჩევის ახალი კრიტერიუმები აუცილებლად უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარადგინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში გადაგზანილ სიას კენჭისყრაზე არ დააყენებენ და წარდგენილი კანდიდატურები ვერ გავლენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს იმ სიას, რომელიც იყო შემოტანილი 24 დეკემბერს. ვფიქრობ, რომ არც დადგება კენჭისყრაზე ეს საკითხი, ეს არის ჩემი მოლოდინი. ამიტომ, ეს სია ვერ გავა, ამაში  დარწმუნებული ვარ სრულიად. რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას, მთავარია, შევთანხმდეთ იმაზე, როგორ უნდა დაიწეროს ეს კანონის ცვლილებები, ეს კრიტერიუმები, როგორ უნდა გაიწეროს. ჩვენი მოსაზრება არის, რომ ამაში წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს პარლამენტს და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ახალი კრიტერიუმების შემუშავების საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

დეპუტატი განმარტავს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტის წევრებთან ერთად მოსამართლეთა კორპუსის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებით დაკომპლექტდება.

„კრიტერიუმებზე მსჯელობა შედეგთან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიწეროს ორგანული კანონის დონეზე ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებშიც უნდა ჩაჯდნენ შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატურები და აქედან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ წარმოადგინოს ისეთი სია, რომელიც იქნება ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, ამიტომ, არის ძალიან სწორი პროცესი. ამაში, ბუნებრივია, ჩართულები უნდა იყვნენ მოსამართლეთა კორპუსიდან, იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, დომინანტი, როდესაც კანონზე და კრიტერიუმებზეა საუბარი, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები