20 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ცილისწამების შესახებ კანონი და პრეზიდენტის ინიციატივა - ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშროებას ხედავს

სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას  ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის იდეაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშროებას ხედავენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონი საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის შესაზღუდად გამოიყენოს.

„საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია სიტყვის თავისუფლების საკმაოდ მაღალი სტანდარტი. ამით გამოირჩეოდა საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. შესაბამისად, უკვე დაგეგმილი პიარი იმისა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და გარკვეული რეგულაციები დაწესდეს ამ თვალსაზრისით. ვხედავთ, რომ საზოგადოების შემზადება ხდება. პრაქტიკულად, ეს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს და ორკესტრირებულად მიმდინარეობს ეს პიარკამპანია,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის გზავნილს საზოგადოება ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

„პრეზიდენტისგან ასეთი სიგნალი, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ის, როგორც წესი, ახმოვანებს იმ გზავნილებს, რომელიც აქვს მის მმართველ გუნდს, ვისაც წარმოადგენდა, ვინც უზრუნველყო უკანონო მეთოდებით მისი გამარჯვება. ამიტომ, ამ სიგნალს საზოგადოება ყურადღებით უნდა მოეკიდოს, რადგან ჩვენ არ უნდა დავუშვათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. როგორც წესი, ამ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს ხოლმე იმისთვის, რომ მისთვის არასასურველი აზრი შეზღუდოს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის მუშაობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მან კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების უფლება, მაგრამ ის აპირებს, რომ ცილისწამების წინააღმდეგ კანონის შემოღების საკითხი განიხილოს და მთავრობასა და პარლამენტს მიმართოს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები