25 ივნისი 2019,   20:55
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი შსს-ს და პროკურატურის მაღალჩინოსნებს შორის - ძალოვანებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

ხელჩართული ჩხუბი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნებს შორის ვანში, რესტორან მასპინძელოში, მოხდა. ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა ჯერ ვანის რესტორანში ერთად იქეიფეს, შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილი, რომელიც ჩხუბის მონაწილეა, მედიასთან არ ჩნდება. კომენტარს არც მისი ოჯახის წევრები და მეზობლები არ აკეთებენ.

დვალიშვილი ვანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მან სცემა ვანისა და სამტრედიის პროკურორი და მისი თანმხლები პირი.

ძალოვანებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზს ვერ ამბობენ იმ რესტორანშიც, სადაც დაპირისპირება მოხდა.

რესტორან მასპინძელოს დირექტორი და თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ჩხუბი შენობის გარეთ დაიწყო.

ჩხუბის ფაქტი უკვე დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და პროკურატურამაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე ჩხუბში მონაწილე ძალოვანებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მომხდარს ეხმაურება ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგა შუშანია, ამბობს, რომ მიუღებელია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ დროს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ურთიერთობას ერთმანეთში ჩხუბითა და ცემით არკვევენ.

გამოძიების დაწყების მიუხედავად, კურიერის ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე არცერთი ძალოვანი ჯერ დაკავებული არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები