19 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
ბოლნისელების ულტიმატუმი ხელისუფლებას - მოსახლეობა სისხლიანი ანგარიშსწორებით იმუქრება

ბოლნისის მოსახლეობა სისხლიანი ანგარიშსწორებით იმუქრება - ადგილობრივები ხელისუფლებას ერთკვირიან ულტიმატუმს უყენებენ და 14 წლის ბიჭის მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

თუ შსს 14 წლის ისმაილ ბადალოვის გარდაცვალებაში დამნაშავეებს არ დასჯის, ოჯახის წევრები, თანასოფლელების დახმარებით, საკუთარი ძალებით გაუსწორდებიან მათ, ვინც ბავშვი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა.

ერთი თვის წინ სკოლიდან სახლში დაბრუნებულმა 14 წლის ბიჭმა გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვი თანასოფლელებმა სცემეს. მათ კონფლიქტში მონაწილე პირები პოლიციასაც დაუსახელეს, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციის უმოქმედობის გამო, მოწმეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამის გამო, სიმართლეს ყველა მალავს.

ერთ-ერთი ვერსიით, 14 წლის ბავშვს დაზიანებები თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს. ჩხუბი კი 8 ლარის გამო დაიწყო.

ოჯახის ბრალდებების ადრესატები გულახმედოვები და ბულუდოვები არიან. მომხდარის დღიდანვე მათ სახლებთან პოლიცია პატრულირებდა. დაზარალებულებს კი პოლიცია უმტკიცებს, რომ ჩხუბში მონაწილე პირები ინფორმაციას მალავენ.

ის, ვინც დანაშაული გარდაცვლილის მშობლებთან აღიარა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სოფელში აღარავის უნახავს.

კონფლიქტში მონაწილე სხვა არასრულწლოვნები კურიერთანაც ადასტურებენ, რომ 12 ნოემბერს იჩხუბეს. არ მალავენ, რომ მცირე დაზიანებები ისმაილ ბადალოვს ჰქონდა, მაგრამ უკვირთ, რატომ გახდა პატარა კონფლიქტი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი მეშვიდეკლასელი ბავშვის მშობლების მოთხოვნებზე. 

დღის ამბები