20 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
კრიმინალი, გასულ წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა

კრიმინალი, გასულ წელთან შედარებით, 60 პროცენტით გაიზარდა. ჩადენილი დანაშაულის გახსნა კი 20 პროცენტით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემებით, ერთწლიანი სხვაობით ქვეყანაში, დაახლოებით, 124%-ით არის მომატებული მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები.

ამავე ჩამონათვალში წერია, რომ პოლიციამ 168,59 %-ით მეტჯერ აღძრა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ საქმეებიდან კი მხოლოდ 0,18 % გაიხსნა. შესაბამისად უცნობია, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა გარდაცვალების ყველა მიზეზს გამოძიება დაადგენდა, როგორ მოხდებოდა მუხლებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება.

გასულ წელთან შედარებით, თითქმის, სამჯერ მეტი ციფრია ჩამონათვალში, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოიცავს. მათ შორის, ტრეფიკინგს, მძევლად ხელში ჩაგდებას, მუქარას და სხვა მძიმე დანაშაულს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების არაეფექტიანი მუშაობა ყველაზე კარგად საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის ჩამონათვალში მატებაა თითქმის ყველა მიმართულებით. მცირედით შემცირდა მხოლოდ გარემოს დაცვის, კონსტიტუციის დარღვევისა და სამეწარმეო კანონდარღვევები. 13%-იანი კლებაა ნარკოდანაშაულზე.

ერთადერთი, რაც ხელისუფლებას დანაშაულის გაზრდილ ციფრებში მოსწონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაა, რომ მონაცემები საჯარო და რეალურია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაული მცირდება. საგრძნობლად გაზრდილ ციფრებზე სამინისტროში დღეს არ პასუხობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის დეკემბრის მონაცემები ჯერ არ დაუთვლია. გიორგი გახარიას უწყება წლის საერთო სტატისტიკას და განახლებულ მაჩვენებლებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები