25 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
ვირუსის გართულების გამო, 42 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა უცნობია, იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც კვლევა არ ჩატარდა.

ამ დროისთვის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42-ის ჯანმრთელობის მდგომაროება რთულია. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

გუშინ ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ. გუშინ გარდაცვლილი 28 წლის ქალი კახეთში, მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯანდაცვის უწყებაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი არ იყო, რადგან ის ლაბორატორიულად არ დადასტურდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ღიად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ 4 იანვარს H1N1-ის ვირუსის კლინიკური ნიშნებით მოათავსეს საავადმყოფოში და ექიმებმაც დაადასტურეს, რომ ფატალური შედეგი ვირუსის გართულებამ გამოწვია, ჯანდაცვის უწყებაში აღიარეს, რომ ამ შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა.

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები