25 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
არასრულწლოვნებზე ზეწოლა და შანტაჟი - 30 წლის მამაკაცი 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა

არასრულწლოვნებზე ზეწოლა და შანტაჟი - მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ იძულებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის მუქარის გამო ერთი პირი დააკავეს.

30 წლის მამაკაცი 9 წლის ბავშვს პირადი და ოჯახის ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა და შემდეგ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებს ბავშვზე ზეწოლის შესახებ 9 წლის გოგონას დედამ აცნობა. არასრულწლოვანის დედამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და მშობლებს მოუწოდა, არასრულწლოვნების მიმოწერა სოციალურ სივრცეში  მკაცრად გააკონტროლონ.

ბავშვის დედის წერილიდან ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვნებთან კონტაქტში სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით შედიოდა, შემდეგ კი მათ პირადი ინფორმაციის გამხელას აიძულებდა.

ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მამაკაცი შანტაჟზე გადადიოდა. მისი მთავარი მოთხოვნა იყო, მოზარდს უფროსებთან არ მოეყოლა მიმოწერის შესახებ და მასთან ფარულად ესაუბრა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვს მისი ფოტოების ატვირთვით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 წლის მამაკაცი დღეს დააკავა. დაკავებულს ბრალად არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი იძულება და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფა ედება.

დღის ამბები