24 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
სამი ჭრილობა ყელისა და გულის არეში - მარნეულში დედამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა

30 წლის ქალი, რომელიც საკუთარმა დედამ დაჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მარნეულის რეანიმაციულ განყოფილებაში ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში მკურნალობას აგრძელებს.

ახალგაზრდა ქალს დედამ ყელისა და გულმკერდის არეში სამი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

30 წლის ქალი მარნეულის ჰოსპიტალში გუშინ ყიზილაჯლოდან შეიყვანეს. დაზუსტებით, რის გამო გაიმეტა დედამ შვილი სასიკვდილოდ, ამ დრომდე უცნობია. მეზობლები ჰყვებიან, რომ დედა შვილს კატეგორიულად სთხოვდა, მეუღლეს არ გაშორებოდა.

დაჭრილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს უცნობი მამაკაცი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა.​​​

ყიზილაჯლოში განმარტავენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ ყოფილა და გაუგებარია, რამ მიიყვანა ქალი იმ ზომამდე, რომ შვილისთვის მძიმე დაზიანებები მიეყენებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ოჯახური ძალადობის მუხლით იძიებს. დანაშაულში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები