24 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
მამაკაცი არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერას აიძულებდა - 9 წლის გოგოს დედის კომენტარი

9 წლის გოგონას დედის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მის შვილს სოციალურ ქსელში აშანტაჟებდა და მას პირადი ინფორმაციის გაცემას აიძულებდა, მსგავს ქმედებას სხვა არასრულწლოვანებთანაც ეწეოდა. 

როგორც ბავშვის დედა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, მამაკაცი მის შვილს Facebook-ით დაუკავშირდა, პირად ინფორმაციას სძალავდა. დედის თქმით, მამაკაცი ბავშვს სთხოვდა, მასთან მშობლებისგან საიდუმლოდ ეკონტაქტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფოტოების სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნებით ემუქრებოდა. 

„მითხრა, რომ მესენჯერში წერდა ვიღაც კაცი და აშინებდა, რომ მის ფოტოებს გამოაქვეყნებდა სხვადასხვა გაურკვეველი წარმოშობის გვერდებზე. შევამოწმე ბავშვის Facebook, იყო მიმოწერა, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა, საბედნიეროდ, დღეს დააკავეს ეს პიროვნება და, როგორც ჩანს, ჩვენი შვილის შემთხვევა არ იყო პირველი, არაერთ არასრულწლოვანთან ჰქონდა კონტაქტი,“ - ამბობს ბავშვის დედა.

სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზრდასრული მამაკაცი სოციალური ქსელის გამოყენებით სისტემატურად აიძულებდა არასრულწლოვნებს, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები