23 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
იმედია, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას - თალაკვაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიცია უპირველეს ყოვლისა საპატრიარქომ უნდა დააფიქსიროს. ამის შემდეგ, კი რეაგირებას ხელისუფლება მოახდენს. 

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან... ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს დავით მათიკაშვილი. დეპუტატის განცხადებით, უკრაინა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოა, შესაბამისად, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„უკრაინა წარმოადგენდა ქვეყანას, ვისთანაც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია ახლო მეგობრობა. იმისთვის, რომ არ მოხდეს რომელიმე მხარის ინტერესის დარღვევა, ყველა მიმართულებით ეს საკითხი გაანალიზებული უნდა იყოს, ეს არის პირველ რიგში, საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მოხდება სახელმწიფოებრივი რეაგირება,“ - ამბობს მათიკაშვილი.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისა და კიევის მიტროპოლიტს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი შობის დღესასწაულამდე გადასცა. თუმცა, ქართულ მხარეს ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია და არც ეკლესიას და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, არც პრეზიდენტს უკრაინელი ხალხისთვის არ მიულოცავს.

დღის ამბები