არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და უპრეცედენტო დავას იწყებს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს.
ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ და არა პირად Facebook გვერდზე მოქალაქე მხოლოდ იმის დაბლოკა, რომ მისი კრიტიკული კომენტარები არ მოეწონა.
„რუსეთი ოკუპანტიას“ დამფუძნებელი, მარიამ დოლიძე განმარტავს, რომ მისი კრიტიკული განცხადებები იყო კორექტული და ჯდებოდა გამოხატვის ცივილიზებულ ფორმებში.
„ჩემი კომენტარი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფორმებში, რომელიც მე შემიზღუდა პარლამენტის თავმჯდომარემ მის ოფიციალურ გვერდზე, მქონდა უფლება, რომ დამეწერა მსგავსი სახის, თუნდაც კრიტიკული და იგი ვალდებულია, რომ მოისმინოს და აქვს თმენის ვალდებულება, წაიკითხოს და მოისმინოს ყოველგვარი კრიტიკული აზრი და შენიშვნა და წამიშალა კომენტარი, დამბლოკა Facebook-ზე ანუ აღარ მაქვს არანაირი კომენტარის დაწერის საშუალება მის ოფიციალურ Facebook გვერდზე,“ - განაცხადა მარიამ დოლიძემ.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ამგვარად არაერთი საჯარო მოხელე ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ამიტომ, მარიამ დოლიძის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო, თუკი არსებობს ვთქვათ, ასეთი სივრცეები ზოგადად, აქვთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ბუნებრივია, თან ახლავს ასეთი გვერდის არსებობას ვალდებულება, მიიღონ კრიტიკული მოსაზრებები. კობახიძესთან დაკავშირებით, სწორედ ასეთი კრიტიკის მიუღებლობასთან გვაქვს ადგილი, როდესაც ის საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდს იყენებს ცალმხრივად, ანუ ბლოკავს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ შეხედულებებს იმ ინიციატივების თუ შეფასებების გამო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს, თან საუბარია იმაზე, რომ ეს კრიტიკული მოსაზრებები ჯდება თავად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.