19 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
პრემიერის მისალოცი ბარათი ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პოლკოვნიკს- წითელაშვილისთვის გაგზავნილ საახალწლო მილოცვას კრიტიკა მოჰყვა

პრემიერმა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა.

მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს ან ვერ იხსენებდნენ, ვინ არის ტრისტან წითელაშვილი ან არ სჯეროდათ, რომ მას პრემიერმა საახალწლო მილოცვა გაუგზავნა.

სინამდვილეში პრემიერისგან მიღებულ მისალოც ბარათს ფოტო თავად წითელაშვილმა გადაუღო, Facebook გვერდზე ატვირთა და პრემიერს მადლობაც გადაუხადა.

წითელაშვილმა „კურიერს“სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მთავრობის მეთაურს ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებებისთვის გაახსენდა და ამიტომ ჩათვალა მილოცვის ღირსად. ამბობს, რომ ბახტაძემდე უფრო გულუხვი მილოცვა წინა წელს კვირიკაშვილისგანაც მიიღო.

პრემიერთან კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოს“ და აინტერესებს, რა ნიშნით გამოარჩია მან ტრისტან წითელაშვილი მაშინ, როდესაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში ჯილდოები მიღებული ბევრი ოფიცერი და პოლკოვნიკი არ გახსენებია.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ წითელაშვილს ედავებოდნენ, რომ იგი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს მტერს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.

„ქართული ოცნებამ“ წითელაშვილი ციხიდან 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა. ამ სიის ერთ-ერთ ავტორს დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ წითელაშვილს საუბარი აღარ სურს.

განმარტებები პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში არ გააკეთეს, თუმცა „კურიერმა“ გაარკვია, რომ პრემიერმა მისალოცი ბარათები ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ ჯერ კიდევ 2 წლის წინ გადაცემული სიით დააგზავნა.

სიის ავტორები ამტკიცებენ, რომ მისალოცი ბარათები დაეგზავნა 2700 კაცს, ვინც 2 კატეგორიას აკმაყოფილებდა, იყო ომის ვეტერანი და შშმ პირი.

წითელაშვილი პრორუსული და ანტი დასავლური განცხადებების გამო ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. 2016 წელს კი გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ ტრისტან წითელაშვილი ქართული საიდუმლო სამხედრო ობიექტების უკანონო ვიდეოგადაღებასა და რუსეთისთვის გადაცემაში დაადანაშაულა. საქმე პროკურატურას ამ ფაქტზე არ დაუწყია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები