20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
დუმილი მწვავე კრიტიკის საპასუხოდ - ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ვერ გაბედა

დუმილი მწვავე კრიტიკის საპასუხოდ - „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განხეთქილების დეტალები პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განმარტების გარეშე დატოვა. ეკა ბესელიამ დღეს ვერც ბიძინა ივანიშვილის მწვავე კრიტიკას უპასუხა. 

ბესელიამ პირდაპირ მხოლოდ ის თქვა, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად არ აპირებს გუნდი დატოვოს. „ოცნების“ ვეტერანი წევრი პარტიის რიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მმართველი პარტია მოსამართლეობის მისთვის არასასურველი კანდიდატებს დაამტკიცებს.

ბესელიამ დღეს დაადასტურა, რომ მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე მუშაობა „ქართული ოცნებაში“ ე.წ. "ახლებმა" დაიწყეს.  დეპუტატის თქმით, ე.წ ახალგაზრდული ფრთა მზად იყო მისთვის ბევრად მაღალი თანამდებობა შეეთავაზებინა თუ პარლამენტის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს იტყოდა.

მოსამართლეების სკანდალის დაწყებამდე ბევრად ადრე დაწყებულ პოლიტიკურ ვაჭრობას ბესელია მაინც სასამართლოს თემას უკავშირებს.

რატომ ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილის მწვავე ბრალდებების მიუხედავად ეკა ბესელიამ პარტიის ლიდერის კრიტიკა - წყარო "კურიერს" უყვება, რომ პროკურატურაში ბესელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე არსებობს. ელოდება თუ არა დაკითხვების სერიას და პასუხისგებაში მიცემას ეს კითხვა დღეს "კურიერმა" ბესელიას ბრიფინგზე დაუსვა. თუმცა მან მხოლოდ ის თქვა, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. იურიდიული კომიტეტის რიგითი წევრის სტატუსით ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და უკვე დაიწყო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრები.

დღის ამბები