23 ოქტომბერი 2019,   05:18
ვრცლად
სასულიერო პირების პროტესტი და ულტიმატუმი მცხეთის მერიას - ჯვრის მონასტერი მღვდლების გადაწყვეტილებით დაიხურა

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, ჯვრის მონასტერი დღეს ყველასთვის დაიხურა. მონასტრის წინამძღოლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ტაძრის კარი არ გაიღება, ვიდრე გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დაცლიან.

პროტესტის ნიშნად მღვდლებმა ეკლესიის კარი დღეს დილიდან დაკეტეს და ტაძარში არც მომლოცველები და არც უცხოელი ტურისტები შეუშვეს.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მეექვსე საუკუნის ძეგლის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა ერთპიროვნულად მიიღო. მამა კონსტანტინე ჯინჭარაული პატრიარქის მეკელიეს, მამა დავით ჭინჭარაულის ძმაა.

სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ. მოვაჭრეები მტკიცებით, დახლების დადგმა, ჯვრის მონასტრის წინ სასულიერო პირებს თავად სურთ.

ჯვრის მონასტერში დღეს მამა კონსტანტინე ჯინჭარაული არ გამოჩენილა. ადგილობრივმა ბერ-მონაზვნებმა ეკლესიის დაკეტვაზე სრული პასუხისმგებლობა მცხეთის მერიას დააკისრეს.

მცხეთის მერი კი წინამძღვრის გადაწყვეტილებას ულტიმატუმად აფასებს. გიორგი კაპანაძის განცხადებით, მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მას პირადად მიმართა და ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების იძულებით გაყვანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მონასტრის დაკეტვით დაემუქრა. თუმცა, მერია მოვაჭრეების ტერიტორიიდან იძულებით გაყვანას არ გეგმავს.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად მცხეთის მერიამ სავაჭრო დახლები ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დაამზადა. დახლები მოვაჭრეებს უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდათ. თუმცა, წინამძღვარმა ახალი დახლების დადგმის უფლება მერიას არ მისცა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები