20 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
მძღოლებს, რომელთაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ ჭკვიანი კამერები დააჯარიმებს

646 ჭკვიანი კამერის მეშვეობით დღეიდან დაჯარიმდება ყველა იმ ავტომობილის მძღოლი, ვისაც ტექდათვალიერება კანონით დადგენილი წესით უკვე უნდა გაევლო. გამონაკლისი მხოლოდ ის მანქანებია, რომელიც მფლობელებმა 2018 წლის იანვრის შემდეგ გადაიფორმეს.

მძღოლები ამბობენ რომ 50 ლარიანი ჯარიმა ბევრია. ავტომფლობელები ახლა არჩევანის წინაშე დგანან, ან ჯარიმა გადაიხადონ ან მანქანა გამართონ და სავალდებულო ტექდათვალიერება გაიარონ.

ავტომობილის მფლობელებს ტექნიკური დათვალიერების გავლა ყოველწლიურად მოუწევთ. ტექდათვალიერების სავალდებულოდ გამოცხადების შემდეგ მძღოლების დასახმარებლად შავ ბაზარზე მომსახურების კერძო სერვისი შეიქმნა. 

ვისაც გაუმართავი მანქანის შეკეთების საშუალება არ აქვს, ინტერნეტით ყველა იმ ძვირადღირებული აქსესუარის ქირაობაა შესაძლებელი, რომლის მწყობრში ყოფნა ტექდათვალიერების დროს სავალდებულოა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით უკვე დაამონტაჟა 1441 ვიდეოკამერა. მათ შორის 795 ზოგადი ხედვის, 646 კი ე.წ ”ჭკვიანი” ვიდეოკამერა.

დღის ამბები