20 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიცია - საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს მიმართავენ

საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ. შეიქმნა სპეციალურიპეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები. 

პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

"ჩვენთვის ცნობილია ის სირთულეებით სავსე გზა, რომელიც გაიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად უკანონოდ და ძალადობრივად მიტაცებული ავტოკეფალიის პირობებში. გვახსოვს ის სიხარულიც, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ ავტოკეფალიის აღდგენასა და  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემას მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია არასდროს გამხდარა ეჭვის საგანი. ამ ისტორიული მეხსიერების ფონზე, ჩვენს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევთ უკრაინის ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას.
 
ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი.  იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს. 
 
შესაბამისად,  ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული. 
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 
 
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ შვილობრივი თხოვნით, საკითხის სინოდალური განხილვის დროს ეკლესიის სამწყსოს აზრიც გაითვალისწინოთ,"-ნათქვამია პეტიციაში. 

დღის ამბები