25 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხი კვლავ ღიად რჩება - პოზიციები არც საპატრიარქოს და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუფიქსირებიათ. შესაბამისად უცნობია, მიიღებს თუ არა უკრაინის ეკლესია საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლებისას. 

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს ღიად დააფიქსიროს, რას ფიქრობს ამ საკითხზე. პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ რელიგიური არ არის და მას დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე საკუთარ დამოკიდებულებას მკაფიოდ არ გამოხატავს, საქართველო რუსეთის და რუსული ეკლესიის ტყვეობაში აღმოჩნდება. 

„ყველას გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია სამწუხაროდ, არის შერწყმული ხელისუფლებასთან, პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში, აგრესიაში და მთლიანად, მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ,“ - აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა და თქვა, რომ ის უკრაინას ვერ მიულოცავს, რადგან ამ "პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებს". "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბიშვილის ამ განცხადებას მიუღებელი უწოდა. 

„აბსოლუტურად მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, რომ გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ იყენებ ამ თემას ჩვენი ქვეყნის შიგნით, საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოში თავისუფლების მტრები. ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, ამ ხალხს დავუპირისპირდეთ და მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ ასეთ საკითხებზე და არ დავუთმოთ მათ ტერიტორია ამ ფსევდო არგუმენტებით, რომლის ციტირებაც თქვენც მოახდინეთ, რომ „იცით რა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რაღაცა მოხდება.“ 20 % აქვთ ოკუპირებული, არ ცნობენ ჩვენს სუვერენიტეტს, არ ცნობენ მათ შორის ჩვენი ეკლესიის უფლებამოსილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ პირობებში, როცა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ხელს იშვერენ საეკლესიო ასპექტისკენ ამ საქმის, ეს ნიშნავს პირდაპირ რუსული პროპაგანდისთვის კიდევ ერთი უპირატესობის მიცემას ჩვენი ქვეყნის შიგნით დისკუსიაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 10 მღვდელმთავარმა გამოხატა პოზიცია და უკრაინას ავტოკეფალიის მიღება მიულოცა. 
 

ამავე თემაზე
დღის ამბები