20 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
"კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, ისედაც დაძაბულია პროცესი" - ბესელია

„კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა,“- ამის შესახებ ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ბესელია კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თქვა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერაზე იმუშავებს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მისი ინიციატივით შეიქმნა.

დეპუტატი ამბობს, რომ მას ვერავინ აუკრძალავს, რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობის მიღებას. ეკა ბესელია განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მას ვერ მიუთითებს, სად უნდა იყოს.

„ყველას ვურჩევ, რომ ნუ გადაწყვეტს, რომ ვინმეს აქვს ეს მანდატი, რომ ამიკრძალოს, ან შემიზღუდოს რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობა. არ მჭირდება არავის თანხმობა ამაზე. რომელ ჯგუფშიც გადავწყვეტ, რომ უნდა ვიყო ჩართული, ყველა ჯგუფში ვიქნები, სადაც მართლმსაჯულების რეფორმას შეეხება. არავის დასტური არ მჭირდება ამაზე. ეს ჯგუფი არის შექმნილი 2017 წელს ჩემს მიერ. კარგია, რომ მოსწონს ბატონ კობახიძეს ეს ჯგუფი, ამიტომ, მე მას ვურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, ისედაც დაძაბულია ეს პროცესი. ამიტომ, არ ვიცი, ვისთან უნდა გამართოს ეს კონსულტაცია, მე არ მჭირდება არავის მიწვევა, მე ყველა შეხვედრაზე ვიქნები, სადაც კი მართლმსაჯულების რეფორმას ეხება საქმე. ეს არ არის არავისი ექსკლუზივი, ეს არის საერთო, საჯარო  სახელმწიფოებრივი ინტერესი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაზუსტდება. 

„სამუშაო ჯგუფის ფორმას რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში. ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ამ ფორმატში ჩართული არიან ასევე საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვიქნები პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში,“- განაცხადა კობახიძემ.

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ისევ გრძელდება. განხეთქილება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ 10-კაციან სიას მოჰყვა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები