25 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
"გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას" - ჯვრის მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით, ცოტა ხის წინ ჯვრის მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა. წერილში მონასტრის დაკეტვის მიზეზებზე დეტალურად არის საუბარი.

განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება. 

წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარევაჭრობამ ტაძრის ტერიტორიაზე ანტისანიტარია წარმოშვა. ამიტომ, როგორც განცხადებაშია ნათქვამია, 2017 წლიდან მონასტერი მცხეთის მერიას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას პერიოდულად სთხოვდა, მაგრამ ეს პრობლემა არ მოგვარდა. 

„მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

"მრავალი წელია, ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა.

"სწორედ ამიტომ გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ.

"ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა, შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

"გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები