23 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
გადასახადის დაწესება ბიზნესისთვის - მოქალაქეები საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგებიან და შეჩერებას ითხოვენ

პეტიცია დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ - მოქალაქეები პენსიის იძულებით დაგროვებას ეწინააღმდეგებიან და რეფორმის შეჩერებას ითხოვენ.

პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა ცხაკაია, ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება ორგანიზაციულად მოუწესრიგებელი აღმოჩნდა.

„პირველ რიგში, დღემდე არ არის ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემული. თუნდაც ელემენტარული პროცედურული საკითხები, რომლებიც დამსაქმებელს გვაინტერესებს - როგორ, რა ფორმით და რა რაოდენობით უნდა გადავიხადოთ საპენსიო შენატანები, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. თუკი პეტიციის ან საკონსტიტუციო სარჩელის გამო დროებით შეჩერდება აღნიშნული რეფორმა, ეს იქნება ჟანგბადი ბიზნესისთვის,“ - ამბობს ცხაკაია.

საპენსიო რეფორმის წამოწყებას კანონის გვერდის ავლით ბიზნესისთვის გადასახადის დაწესებას უკავშირებს კომპანია გრანდის დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია. მისი შეფასებით, ბიზნეს იძულებითი გადასახადის გადახდა უწევს.

„ეს არის იძულებითი გადასახადი, სადაც არ უნდა წავიდეს, ბიუჯეტში წავა თუ სხვაგან წავა, როდესაც გადასახადს გიწესებენ, ეს არის კანონის საწინააღმდეგო. ძალიან რთული არის ბიზნესის მხრიდან ამის ახსნა თანამშრომლებისთვის, რომ მათ უნდა დაუკავონ ხელფასიდან 2 პროცენტი,“ - განაცხადა ჭყონიამ.

DLG&CASE-ის დამფუძნებელი, ლევან მახარაშვილი, ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა გაუმართავია და კომპანიასთან ერთად მომხმარებელიც ზარალდება.

პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდა, სადაც 40 წლამდე მოსახლეობის ჩართვა სავალდებულოა.  

დღის ამბები