16 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეაჯამეს

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი. გრიპთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეაჯამეს, სადაც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, სააფთიაქო ქსელების და ჯანდაცვის პირველადი დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სერგეენკომ ის საკითხები  ჩამოთვალა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

„თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ იმიტომ, რომ ევროპაშიც იგივე მდგომარეობაა - იზრდება გრიპით ავადობა. ვაგრძელებთ 24/7 მუშაობას. შემდეგ იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ჩართულები არიან ანტივირუსულის გაცემაში და გადავწყვიტეთ, რომ ეს პროტოკოლიც შენარჩუნებული იყოს და შემდეგი იყო სააფთიაქო ქსელები, სადაც რამდენიმე რაიონში, გუშინდელი მდგომარეობით სამ რაიონში, იყო პრობლემა, მაგრამ მოგვარდა უკვე გუშინ დილის მდგომარეობით. ასე რომ, აი, ეს თემები იყო განსახილველი. ავადობის რაოდენობრივი პარამეტრები დაკლებულია, მიმართვიანობა დაკლებულია, თუმცა, ეს არ ამსუბუქებს თვითონ დაავადების მიმდინარეობას, რომელიც მძიმეა,“ - ამბობს სერგეენკო.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ვაქცინაცია არცერთ სავალდებულო ვაქცინათა ჩამონათვალში არ შედის.

„წელს არაფერი განსაკუთრებული ქვეყანაში არ ხდება, რაც არ ყოფილა, ვთქვათ, შარშანწინ, იმის წინ და ა.შ. ჩვენ უფრო მძიმე სეზონები გვქონია. სახელმწიფო ახლა დამატებით კიდევ ყიდულობს ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც შემოვა, დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში და ის მიეწოდება ისევ და ისევ რისკჯგუფებს, ალბათ. თუმცა, ამას გრიპის კომიტეტი გადაწყვეტს,“ - აცხადებს გამყრელიძე.

საერთო ჯამში, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვითარება კვლავ საყურადღებოა.

დღის ამბები