25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
"აჩენს ეჭვს, რომ ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო მოქმედება" - გიორგი მშვენიერაძე პრობაციონერთა რაოდენობის შემცირებაზე  

„სამართლიანად აჩენს ეჭვს, რომ ეს არის წინასაარჩევნო მოქმედება ხელისუფლების, რომ გარკვეული ადამიანების გული მოეგო იმისთვის, რომ არჩევნებზე მხარდაჭერა მიეღო,“ – ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას  თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, ბოლო თვეებში პრობაციონერთა ოდენობის საგრძნობ კლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, წინასაარჩევნოდ სტატისტიკა და მიდგომები მუდმივად იცვლება მოქალაქეების მიმართ. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში საპატრულო პოლიცია უფრო ლმობიერი ხდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

„ჩვენ მსგავსი გამოცდილებები გვახსოვს წინა წლებში, როდესაც, თუკი სტატისტიკებს გადავხედავთ, იყო აშკარა და თვალსაჩინო კლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევების, სადაც ჯარიმების, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავდა და ამცირებდა, პატრული უფრო ლმობიერი ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. რიცხვების პარალელურად, თვალიც გადავავლე, რაიმე კანონმდებლობაში ხომ არ იყო ისეთი ცვლილება, რომელმაც მსგავსი კლება გამოიწვია და ასეთი არ არის. ეს კი სამართლიანად აჩენს ეჭვს, რომ ეს არის ხელისუფლების წინაასარჩევნო მოქმედება, რომ გარკვეული ადამიანების გული მოეგო იმისთვის, რომ არჩევნებზე მხარდაჭერა მიეღო, საუბარია პრობაციონერებზე. ის, რაც ხშირად გვესმოდა ხოლმე, რომ შესაძლებელია, ხელისუფლება გარკვეულ კრიმინალში შემჩნეულ ან ნასამართლევ პირებთან თანამშრომლობს წინასაარჩევნო პერიოდში და მათ იყენებს არჩევნებისთვის, ეს აჩენს კიდევ ერთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს თანამშრომლობა რეალური იყო,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, ამბობს, რომ, თუკი მსგავსი ქმედებები ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება, ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა.  

„თუ ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიგოს, ეს არის არასწორი. ეს არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობენ არა თავისი ფუნქციების შესასრულებლად, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას დაეხმარონ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც კარგად დაგვიმკვიდრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები