24 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
საკადრო წმენდა სუს-ში - უწყებაში ალექსანდრე ხოჯევანიშვილის გადაყვანა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა

საკადრო ცვლილებები სუს-ში - უწყებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, ინაცვლებს.

სუს-ში დაწყებული საკადრო წმენდის შემდეგ არავინ იცის, ვინ დარჩება და ვინ წავა სამსახურიდან. თანამდებობა უკვე დაატოვებინეს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში მუშაობდნენ. ყველა კადრების სამსახურის განკარგულებაშია გადაყვანილი.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშვნა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა. ხოჯევანიშვილი ამ დრომდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია და უწყებაში გიორგი გახარიას მარჯვენა ხელად ითვლება.

სანდრო წყარო კურიერს უყვება, რომ ამ საკადრო ცვლილებებით გახარიას ხელში გადადის უსაფრთხოების სამსახურიც და ის საქართველოს მთავრობის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხდება.

ოპოზიცია გახარიას გაძლიერებას და სუს-ში დაწყებულ წმენდას  საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვახტანგ გომელაურს დიდი ხანია, აღარ ენდობა, თუმცა, ვერ ცვლის იმის გამო, რომ ის თანამდებობაზე პარლამენტის არჩეულია და მისი გადაყენება რთული პროცედურაა. სწორედ ამიტომ მართავს ყოფილი პრემიერი მისი ნდობით აღჭურვილი პირებით ერთ-ერთ საკვანძო უწყებას.

ის, რომ ხოჯევანიშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, მმართველი პარტიის ლიდერების დღევანდელი კომენტარებიდანაც გამოჩნდა. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად გამზადებულ კადრს არც კი იცნობს და მხოლოდ გვარი გაუგიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მისვლის შემდეგ დაიწყება. სავარაუდოდ, რეგიონული სამსახურის უფროსების თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, კადრები ჩაიბარებენ.

დღის ამბები