17 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
ჯვრის მონასტრის დაკეტვა - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარება გარევაჭრობის მოწესრიგებას უკავშირდება.

საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ეს პრობლემა მოაგვაროს.

„როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

"ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

უკვე მეორე დღეა, ტაძრის ჭიშკარი ბოქლომით არის დაკეტილი. მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები