25 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის გზა პარალიზებულია

უამინდობა საქართველოში - დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებულ მგზავრებს დღევანდელი ღამის გათევაც ავტომობილებში მოუწევთ. მოძრაობა აქ უკვე მორე დღეა პარალიზებულია.

ზვავსაშიშროების გამო არ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რადგან ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა ისევ სახიფათოა. მძღოლები, რომლებიც  ღამეს თოვლსა და ყინვაში ათევენ საწვავს საკუთარი ძალებით იმარაგებენ, რათა ღამით მცირეწლოვანი ბავშვები გაათბონ. მგზავრებს საწვავის მოსამარაგებლად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. 

გუდაური მთელი დღის განმავლობაში თითქმის სრულად პარალიზებული იყო.  გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილების ცოცხალი რიგი იდგა.

მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა ელოდებიან საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას. ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით საპატრულო ეკიპაჟებს გზა ჩაკეტილი აქვთ. ბოლო წერტილი, სადაც მოქალაქეებს მისვლა შეუძლიათ გუდაურის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაა. 

„საწვავი აღარ გვაქვს. 8 კილომეტრი ვიარეთ ფეხით, რომ მარაგი შევავსოთ. ღამე გვაქვს გასატეხი. არ გვეუბნებიან როდის იქნება გზა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა კრასნოდარის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას უშედეგოდ ცდილობენ, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. შესაბამისად ისიც უცნობია შეძლებენ თუ არა უკან, თბილისში დაბრუნებას. 

„არანაირი პირობები არ გვაქვს. ღამეს მანქანაში ვათევთ. ძალიან ცუდ დღეში ვართ. არც უკან გვიშვებენ. პოლიციაც დუმს. ქორწილში მივდივართ, ჩემს შვილიშვილს მოჰყავს ცოლი კრასნოდარში და ალბათ ვერც ჩავუსწრებთ,“ - აცხადებენ ისინი.

ზვავსაშიშროება კობი-გუდაურის გზაზე დღეს აღარ მოიხსნება. სინოპტიკოსები გუდაურში უამინდობას და უხვ ნალექს ხვალაც ელოდებიან. 

დღის ამბები