20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
დაპირისპირება საჯარო დამცირებაში გადაიზარდა - მოსამართლეთა სიის გამო დაწყებული დავის მონაწილეები ერთმანეთს დიქტატორობაში ადანაშაულებენ 

ეკა ბესელია უნაზესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესებას ითხოვდა - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის კულუარებში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა „კურიერს“ დაუდასტურეს. 

ბესელიას გუნდთან დაპირისპირების ამ მიზეზზე „ოცნების“ წევრებს ჯერ საჯაროდ საუბარი არ სურთ, თუმცა კამერის მიღმა ამბობენ, რომ ეკა ბესელია გაბრაზდა, როდესაც სიცოცხლის ბოლომდე მას მანტიის ტარების უფლება არ მისცეს.

ღიად, ამ თემაზე დღეს უფლებადამცველმა გიორგი მუხიგულაშვილმა ისაუბრა. უფლებადამცველი ჰყვება, რომ ბესელიამ უვადოდ მოსამართლედ დანიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც დარწმუნდა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში ვეღარ მოხვდებოდა. უვადო მოსამართლეობა კი მუხიგულაშვილის მტკიცებით, ბესელიას თავისი ბიზნესების დასაცავად სჭირდება.

ამ პროცესების პარალელურად, დაპირისპირებამ ეკა ბესელიასა და მოსამართლეებს შორის კულმინაციას მიაღწია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, დღეს ბესელიას დიქტატორი უწოდა და განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა, დეპუტატი სასამართლოს წინააღდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ კი ეკა ბესელია მოსამართლე მეთოფიშვილს, სასამართლოს სისტემის დამანგრეველს უწოდებს. ამბობს, რომ რაც უფრო დიდი ხანი დატოვებენ სერგო მეთოფიშვილის სისტემაში, მით უფრო მეტი პრობლემა შეექმნა სასამართლოს და სისტემას რეპუტაცია კიდევ უფრო შეელახება.

ბესელია - მეთოფიშვილის დაპირისპირებაზე დღეს განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი თავშეკავებული იყო და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს მხოლოდ ის მიანიშნა, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

 

 

დღის ამბები