ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო აშკარა ხდება. ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს გიორგი კვირიკაშვილის ნათესავი, გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ასათიანი დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმის მასალებით დგინდება, რომ გურიაში ინერტული მასალების მოპოვებას კომპანიები უკანონოდ ახდენდნენ, თუმცა ამ უკანონობაზე მაკონტროლებელი თვალს ხუჭავდა.
ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის 29 მარტს, ხუთი ადამიანი დააკავა. მაშინ, ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილის ახლო ნათესავს ხელი არ ახლეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების აღკვეთა. გამოძიება კვირიკაშვილთან დაახლოვებული პირით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პრემიერი პოსტიდან წავიდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ასათიანს სწორედ პრემიერთან კავშირის გამო მფარველობდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომლის ახლო ნათესავიც ხმაურიან საქმეში ფიგურირებს. ერთ-ერთი ბრალდებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ხომერიკის ძმაა.
გიორგი კვირიკაშვილის ნათესავს ბრალი უკვე წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე