იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი მიჰყავთ, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
კლინიკის ექიმი ამბობს, რომ ამჟამად დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამი დაშავებული პაციენტი არის მოთავსებული, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
„ამ დროისთვის შემოყვანილია სამი პაციენტი. ერთი, ჯერჯერობით, ზუსტი ასაკი არ ვიცით, 3-4 წლის გოგონა, რომელიც შედარებით მძიმეა, თავის ქალას დაზიანებით და თავის ქალას ტრავმით, თუმცა, კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ საოპერაციო ჩასარევი არ არის. ახლა ნეიროქირურგიული ოპერაცია მიმდინარეობს, ჭრილობის დამუშავება და რევიზია. ორი ბავშვი, და-ძმა, 12 და 8 წლის ემერჯენშია, აქ ზედაპირული ჭრილობებია და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე და კიდევ ერთს ველოდებით, ერთი ბავშვი, შედარებით მძიმე მოჰყავთ. მეოთხე ბავშვთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც ვიცით, აპარატურულ სუნთქვაზეა, შედარებით მძიმეა. იმედის კლინიკიდან გადმოჰყავთ,“ - განაცხადა ექიმმა.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 5 ადამიანი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.
აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.
ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.
„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ უთხრეს, რომ კომპანია ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს .