20 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა. მისი თქმით, მოკვლევა დაწყებულია და ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ბენდელიანის განცხადებით, თითქმის მთლიანი კორპუსია დაზიანებული.

„არის დიდი მოცულობის ნანგრევები, დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოთავისუფლდეს ეს ფართები. ნებისმიერი დაზარალებული ოჯახი, ვინც ამ ფაქტის შედეგად ზიანი მიიღო, ყველას მაქსიმალურ ყურადღებას და მაქსიმალურ დახმარებას გამოუჩენს დედაქალაქის მერია. არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება, შესაბამისი საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება და მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური ამაში,“ - განაცხადა ბენდელიანმა.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.

დღის ამბები