20 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
შევიყვანთ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად - ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლებს დაზიანებულ კორპუსში შესვლის უფლებას მისცემენ 

აფეთქება დიდ დიღომში - ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლებს დაზიანებულ კორპუსში შესვლისა და საკუთარი ნივთების გამოტანის საშუალებას მისცემენ. ამის შესახებ განცხადება, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გააკეთა.

გამგებელი, გაიოზ ვასაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება განმარტავს, რომ დაზიანებულ კორპუსში მოქალაქეებს მას შემდეგ შეუშვებენ, რაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობას დაასრულებენ. მოქალაქეებს კორპუსში შესვლა დაახლოებით, ნახევარ საათში შეძლებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა კი უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა ღამე უსაფრთხო ადგილზე გაათიონ.

„ახლოა ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესვლა უნდათ თავის საცხოვრებელ ბინებში, რომ წამოიღონ თავისი ნივთები, ამის უზრუნველყოფას ვაკეთებთ. შევიყვანთ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ვისაც არ აქვს დასარჩენი, იმის უზრუნველყოფას ჩვენ გავაკეთებთ, ყველანაირ დახმარებას გავუწეთ მოსახლეობას,“ - განაცხადა გამგებელმა.

ამ დრომდე, უცნობია, რამდენად უსაფრთხოა, დაზიანებულ კორპუსში მოქალაქეების დარჩენა.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.

დღის ამბები