25 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
"გულის გაჩერებაზეა საუბარი" - აფეთქებისას დაშავებული ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

„იმედის“ კლინიკაში მყოფ არასრულწლოვანს რეანიმაციული დახმარება უტარდება. იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე და იაშვილის კლინიკაში ამიტომ არ გადაჰყავთ.

მედიკოსის განცხადებით, არასრულწლოვანს გული გაუჩერდა, ამ დროისთვის ექიმები მისი მდგომარეობის სტაბილიზებას ცდილობენ. 

„ძალიან მძიმეა, რადგან რეანიმაცია და გულის გაჩერებაზეა საუბარი, მძიმეა. ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, არის ხელოვნურ სუნთქვაზე. ამ სიმძიმის გამო ვერ ხერხდება მისი გადმოყვანა იაშვილის კლინიკაში,“ - განაცხადა ჩხაიძემ.

ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკმაყოფილებელი და საშუალო სიმძიმის. ერთი მათგანი, რომელიც მოთავსებულია რეანიმაციაში, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული მცირე ჩარევა და დარჩება რეანიმაციაში აუცილებლად,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მეტი არასრულწლოვნის მიღებას არ ელოდებიან.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 7 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.

დღის ამბები