24 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
შეამოწმეს და არაფერიაო, ორი საათის შემდეგ მოხდა აფეთქება - ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები ყაზტრანსგაზის თანამშრომლების დასჯას ითხოვენ 

აფეთქება დიდ დიღომში - ტრაგედიის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები შეწყდა. ადგილზე სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, ამოწმებენ დაზიანებული კორპუსის მდგომარეობას.

ექსპერტებმა უნდა დაადგინონ არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო. სწორედ მათ დასკვნას ელოდებიან ადგილობრივები, რომლებიც ამ წუთებში კორპუსის ეზოში არიან შეკრებილები.

ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დარეკეს „ყაზტრანსგაზში“, რათა შემოწმებაზე მისულიყო ბრიგადა.

„ვუთხარი, რომ საზარელი სუნი დგას სადარბაზოში, გთხოვთ, მობრძანდეთ და შეამოწმოთ. ჩემი დარეკილიდან 40-45 წუთში მოვიდნენ. ორი ადამიანი მოვიდა, შეამოწმეს და გავიდნენ, არაფერი არ არისო, შედითო, ჩვეულებრივი. არ იყო გასული მაგის შემდეგ ორი საათი და მოხდა ასეთი ამბავი. ისეთი აჟიოტაჟი და ისეთი ამბავი იყო, რომ ყველა არეულები და გაოცებულები ვიყავით,“ - ამბობს ადგილობრივი.

ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო და ბინები სერიოზულად დაზიანდა.

„მძლავრი აფეთქება, სახლში კარების შემოტანა, შეზანზარდა კორპუსი და მერე პანიკა, მერე მიჰყვა ყველაფერი ცუდი, ხალხი, მსხვერპლი იყო, დაუდევრობა. როგორც ვიცით, „ყაზტრანსგაზის“ ხალხი იყო გამოძახებაზე, მაგრამ რეაქცია არაფერი არ მიუციათ,“ - ამბობს ადგილობრივი.

ამ დროისთვის "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლის გამოკითხვა დიდი დიღმის პოლიციაში მიმდინარეობს. ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა არანაირი ზომები არ მიუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები