19 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
რაიონული ბიზნეს ცენტრი არ ყოფილა შემოწმებაზე - დიღომში, ტრაგედიის ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი მივიდა

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, სადაც გუშინ გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ვითარების შესამოწმებლად „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი მივიდა. 

ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ გუშინდელ შემოწმებაზე ის არ იმყოფებოდა, შესაბამისად მომხდარზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. 

„მე ვარ წარმომადგენელი, რომელიც უბრალოდ მოვედი. არ ვყოფილვარ გუშინ მე და არ ვიცი. პირველად მოვედი, არსად არ შევდივარ... მე არ ვყოფილვარ შემოწმებაზე, რაიონული ბიზნეს ცენტრი არ ყოფილა შემოწმებაზე,“ - ამბობს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი.

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფი“ კი სრულ პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზს“ აკისრებს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონტრაქტი ორ კომპანიას შორის ერთი წლის წინ შედგა და გაზმომარაგებაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ყაზტრანსგაზს“ ეკისრებოდა.

ამ დროისთვის დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. კორპუსში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც და კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ.

ტრაგედიის ადგილას დილიდან იმყოფებიან ადგილობრივებიც, დანგრეული კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმა მოახერხა ბინაში შესვლა და საკუთარი ნივთების გამოტანა. 

ტრაგედიის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ამ დროისთვის "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები