20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
სავარაუდოდ, პოლიციის მიზანია, რომ დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე - ადვოკატი 

დიდი დიღმის პოლიციაში სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. განყოფილებაში იმყოფებოდა გიორგი ჭანტურიას ადვოკატიც.  

თავად ჭანტურიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომმ სავარაუდოდ, პოლიციის მიზანი დანაშაულის კომპანია „ელ ჯგუფზე“ გადაბრალებაა.

ადვოკატი ამბობს, რომ კორპუსის მცხოვრებლები განცხადების გაკეთებას გეგმავენ, სადაც საუბარი „ყაზტრანსგაზის“ პასუხისმგებლობაზე იქნება.  

კომპანია „ელ ჯგუფი“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს.

„ფაქტობრივად, ისეთი კითხვები იქნა დასმული, რომ, სავარაუდოდ, პოლიციის მიზანი არის, რომ სამწუხაროდ, ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე, თუმცა ძალიან ცუდია, როდესაც რეალური, ამ შემთხვევაში ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით არ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ აუცილებლად, მოსახლეობა ხვალ გავაკეთებთ განცხადებას და ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული „ყაზტრანსგაზსს“ და რა პასუხისმგებლობა ეკისრება და, შესაბამისად, მოსახლეობის სახელით მინდა, განგიცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს, რის საფუძველზეც მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას „ყაზტრანსგაზიდან“ და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ დავას მოსახლეობა მოიგებს,“ - აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია დააკავონ. მისი თქმით, ჭანტურიას ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ სამართლებრივად, წარმოუდგენელია, რომ გრიგოლ ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს. ორჯერ ოფიციალურად 112-ში განხორციელდა ზარი, რომ იყო იქ გაზის მძაფრი სუნი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოახდინა „ყაზტრანსგაზმა“, რომლის პასუხისმგებლობაა და ვალდებული იყო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვა და არ დაიცვა. ექსპლუატაციას რაც შეეხება, განვმეორდები, რომ თბილისში 90% არ არის არც ერთი კორპუსი ჩაბარებული, ანუ ექსპლუატაციაში შესული,“ - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

დიღმის პოლიციის განყოფილებაში დილიდან მიმდინარეობს კორპუსის მცხოვრებლების გამოკითხვაც და ისინი გამოძიებას გუშინდელი ტრაგედიის დეტალებს აცნობენ.  

სამართალდამცველების თქმით, ამ დროისთვის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გაირკვევა. ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, ყველა ადამიანი, ვინც კი საქმეში ფიგურირებს, გამოიკითხება.

ამ დროისთვის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. კორპუსში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც და კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები