19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში - I იანვრიდან დღემდე 312 შემთხვევა გამოვლინდა

მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და ხველა, შემდეგ კი წითელი გამონაყარი - საქართველოში ღორის გრიპის შემდეგ წითელას ეპიდაფეთქებაა. ინფექციით ბოლო 2 კვირის განმავლობაში 312 ადამიანი დაავადდა.

წითელა ყველაზე გავრცელებულია 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინაცია გაკეთებული არ აქვთ. პაციენტების სიმრავლის გამო, ინფექციურ საავადმყოფოში ადგილი არ არის, დაინფიცირებულთა დიდ ნაწილს მკურნალობა სახლის პირობებში უწევს.

გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს. ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას კი თბილისში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველას, ვისაც ვაქცინაცია არასდროს გაუკეთებია, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს და აცრა გაიკეთონ.

მიმდინარე თვეში 57 პაციენტია ჰოსპიტალიზირებული ქუთაისში. რეგიონში დაავადებულთა დიდი ნაწილი მცირეწლოვნები არიან. ექიმები ამბობენ, რომ ხშირია გართულებებიც, რაც ფილტვების ანთებით გამოიხატება.

წითელას საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია 2-ჯერ, ერთი და 5 წლის ასაკში კეთდება. ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვს, ვაქცინაცია ნებისმიერ დროს შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ წამლის მარაგი არის და ის ყველასთვის უფასოა.   

დღის ამბები