24 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე - კალაძე

აფეთქება დიდ დიღომში - კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და ასევე გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

თბილისის მერმა, ტრადიციულად, „რუსთავი 2“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფები თბილისის მერიის და კონკრეტულად მის დისკრედიტაციას ცდილობენ. 

"ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. პირადა მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არ მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მათი მცდელობა, რომ მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე. მაგალითად, გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, ეს სიახლე არ არის, ძირითადად ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, ვიცით ჩვენ, არაერთხელ გამოგვიჭერია ტყუილებში, გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირდა. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე  საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას, თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა, თითქოს,"- აღნიშნა კალაძემ. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის. 

"მე მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება მოქმედი კანონმდებლობით არავითარ კავშირში არ არი შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა, ავხსნა ზოგადად, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ, როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ასე ხდება მიღება ექსპლუატაციაში.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც, სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა და შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში  ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს კონკრეტული შენობა- ნაგებობა.

"მეორე, რაც მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. ეს, რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული.

"რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობებში ცხოვრების უფლებას, მე მინდა, თქვენ წარმოგიდგინოთ კანონი, საქართველოს კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. 2006 წელს  ამ კანონში იყო 5.5 მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში,"- აღნიშნა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს სოლიდარობისა და დახმარების მზადყოფნის გამოთქმის გამო მადლობა გადაუხადა. მან ასევე სასტუმროებსაც მიმართა და მოსახლეობის განთავსებისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.  

„ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ,“- აღნიშნა კალაძემ.

 

დღის ამბები