„ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, თბილისის მერი, კახა კალაძე ბრიფინგზე ეხმაურება და ოპოზიციის მწვავე კრიტიკას პასუხობს.
თბილისის მერი განმარტავს, რომ აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევიდოდა, რადგან მერიისთვის ნებართვასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე ჰქონდათ მიმართული.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება მოქმედი კანონმდებლობით არავითარ კავშირში არ არი შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა, ავხსნა ზოგადად, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ, როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ასე ხდება მიღება ექსპლუატაციაში.
"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც, სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა და შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს კონკრეტული შენობა- ნაგებობა.
"მეორე, რაც მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. ეს, რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ოპონენტების ბრალდებებზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ექსპლუატაციის არმქონე შენობაში ბინადრების შეშვებაზე ნებართვა ჯერ კიდევ 2009 წლიდან არსებობს.
"რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობებში ცხოვრების უფლებას, მე მინდა, თქვენ წარმოგიდგინოთ კანონი, საქართველოს კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. 2006 წელს ამ კანონში იყო 5.5 მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში,"- აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე მოქალაქეებს იქ შესვლა შეუძლიათ.
"ახლა ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს 5 მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის ზუსტად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა, რომელიც არის კანონით განსაზღვრული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. თუმცა ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან გვყავს 10 000-ობით ოჯახი, 1000-ობით შენობა-ნაგებობა, რომლებიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები.
„ამ ცვლილებამ, რომელიც ზუსტად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა და ბევრი, უამრავი რეგულაცია აქვთ ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე, აი, ჩემი მერიიდან კარგად ჩანს, აი, ამ სართულიდან გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, რა მდგომარეობაშია დედაქალაქი და ზუსტად ეს არის დამსახურება „ნაციონალური მოძრაობის“, რომ ზუსტად გააუქმეს ის რეგულაციები, ამოიღეს კანონმდებლობიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრული იყო იმისთვის, რომ ეს ქაოტური განაშენიანება და ეს პრობლემები, რასაც დღეს ვებრძვით, ყველა ერთად არ მომხდარიყო,"- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ამჟამად რეგულაციები გამკაცრებულია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
"ჩვენს პირობებში რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ჩვენ როგორც კი მოვედით დედაქალაქის მთავრობაში დავიწყეთ გარკვეული ცვლილებების განხორციელება. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, თუ რა ცვლილებები განხორციელდა და ეს, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის, პროცესი გრძელდება და კიდევ მთელი რიგი საკანომდებლო ცვლილებების გადაგზავნილი იქნება პარლამენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ აი, ეს ყველაფერი. მძიმე წარსულის შედეგები თავიდან ავიცილოთ,“- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ოპოზიცია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ოპონენტებმა თბილისის მერია შესაძლო კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.