26 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტინქტია, გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ - უგულავა კალაძეს პასუხობს

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საბაზისო და ერთადერთი ინსტინქტი არის, გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ თბილისის მერის საპასუხოდ გააკეთა.

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გიგი უგულავამ კრიტიკით უპასუხა.

„დღევანდელი განცხადება ქალაქის მერის, სამწუხაროდ, ცდება ყველა ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, ცდება ადამიანობის ფარგლებს, ცდება სამსახურებრივ მოვალეობას და სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანს ეფიქრა იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის და ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს „ქართული ოცნების“ და ბატონი კალაძის, რომ მათი ინსტინქტი არის მხოლოდ და მხოლოდ, გადაბრალება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ,“ - განაცხადა უგულავამ.

უგულავასთვის მიუღებელია თბილისის მერის მიერ დღეს გამართულ ბრიფინზე წინა ხელისუფლების დადანაშაულება ექსპლუატაციასთან დაკავშირებით 2009 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების გამო.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი მერისგან გაშვერილი ხელი, თითქოს, 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ არის კავშირში ერთმანეთთან ექსპლუატაციაში მიღება შენობის და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა, დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული კომუნალური სერვისების იქ შეყვანასთან და ეს სწორია და აქ უნდა დაესვა ბატონ კალაძეს წერტილი, მაგრამ სამწუხაროდ, მან როგორც მას სჩვევია, გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და კვლავ ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ,“ - განაცხადა უგულავამ.

უგულავა განმარტავს, რომ 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციამიუღებელ შენობებში ცხოვრობენ.

„კანონის პრობლემა არ არის, კანონის აღსრულების პრობლემაა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ უკანასკნელ წლებში არცერთ ასეთ შემთხვევაზე, არცერთი დამნაშავე გამოძიებას არ გამოუვლენია. არცერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არცერთ კომპანიას არ გაუწევია, ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა, რომელიც მოქალაქეების სასარგებლოდ იყო შეცვლილი,“ - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი და რეალური ინვესტორი უნდა მოიძიონ.

„თუ ეს ტრანსაქცია დასრულდა და მართლაც, აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, ჯერ როგორც გითხარით, ეს დასრულებული არ არის, ხვიჩა მაქაცარია „ყაზტრანსგაზის“ უკან და მფლობელად, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდეთ, რომ ეს კომპანია იქნება კალაძის საკუთრებაში იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი არის პარტნიორი ბევრ ბიზნესში,“ - განაცხადა უგულავამ.

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიიდან ორ დღეში თბილისის მერმა ბრიფინგი გამართა და ოპოზიცია გააკრიტიკა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები