18 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
„მთავარი ეჭვმიტანილი არის საქართველოს მთავრობა და ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გავლენა გააჩნია" - ექსპერტები "TBC ბანკის"საქმეზე

ეკონომისტები და ექსპერტების ეკონომიკის საკითხებში პრემიერსა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვენ.

ანალიტიკოსებს აინტერსებთ, რატომ დაიწყო გამოძიება „TBC ბანკის“ ირგვლივ ათი წლის წინ მომხდარ ფაქტზე, როცა „ქართული ოცნება“ ბოლო ექვსი წელია ხელისუფლებაშია.

ეკონომისტები ამბობენ, რომ კომპანიაზე ღია ზეწოლა მიმდინარეობს, რაც აზიანებს სახელმწიფოს ფინანსურ სტაბილურობას.

„ნებისმიერი ტიპის ასეთი ჩარევა, რასაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს ურტყამს არამხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, ის კლიენტებსაც აზიანებს.

ამაზე პასუხი არავინ გასცა, მათ შორის არც პრემიერმა, თუ  რატომ ახლა, რატომ ათი წლის შემდეგ - რატომ დასჭირდათ სწორედ ახლა ისეთი ზეწოლა ამ კომპანიაზე, როგორსაც ახორციელებენ,“-ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა პირდაპირ ნიშნავს TBC ბანკზე თავდასხმას. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ "თიბისი" ბანკი სისტემური ბანკია და ის ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული, რის გამოც კომპანიაზე შეტევა დიდი ზიანს მიაყენებს ქვეყანას.

„თიბისი ბანკზე შეტევა ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს არამხოლოდ თიბისი ბანკს არამედ ქვეყნის ფინანსურ სექტორს,“-ამბობს კეპულაძე.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ამ პროცესში ერთადერთი ეჭვმიტანილი საქართველოს ხელისუფლება და მისი რეალური მმართველია.

„მთავარი ეჭვმიტანილი ამ პროცესში არის საქართველოს მთავრობა და ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გავლენა გააჩნია საქართველოს მთავრობაზე,“-განაცხადა ხვიჩიამ.

დღის ამბები