18 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
პირადი შეურაცხყოფით გაჯერებული ქადაგება სხალთის ეპარქიიდან - მეუფე სპირიდონსა და მეუფე პეტრეს შორის ღია ომი დაიწყო 

პირადი შეურაცხყოფით გაჯერებული ქადაგება სხალთის ეპარქიიდან - პრორუსული განცხადებებით ცნობილი მაღალმთიანი აჭარის მთავარეპისკოპოსის ახალი სამიზნე მეუფე პეტრე ცაავაა.

მღვდელმთავარმა ჭყონდიდის ეპისკოპოსს, რომელიც საეკლესიო იერარქიით მასზე მაღლა დგას, შეურაცხყოფა მიაყენა. მან მეუფე პეტრეს ჯერ უგუნური უწოდა, შემდეგ კი ეკლესიის გახლეჩვაში დაადანაშაულა.

მთავარეპისკოპოს სპირიდონის გაღიზიანება მეუფე პეტრეს სატელევიზიო ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც მან ციანიდის საქმის გამო პატრიარქი გააკრიტიკა და თქვა, რომ მწყემსი კეთილის მითი დაიმსხვრა.

მეუფე სპირიდონის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მეუფე პეტრემ საეკლესიო სასამართლო მოითხოვა. საგანგებო წერილში, რომელიც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გამოაქვეყნა, ის სპირიდონის დასჯას ითხოვს და საქმის გარჩევაში ჩართვას მეზობელ ეპარქიებს ურჩევს.

ამჯერად, ილია მეორემ და სამმა ქორეპისკოპოსმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ შეაჩერებენ ორ მღვდელმთავარს შორის დაწყებულ ღია ომს.

თეოლოგები კი არ გამორიცხავენ, რომ ეკლესიის შიგნით დიდი ფარული გარიგება მიდის, რის გამოც საეკლესიო კრების მოწვევა არ სურთ, თუმცა თუკი ეკლესია დათმობაზე წავიდა შესაძლოა, ორიდან მინიმუმ ერთი მღვდელმთავარი წმინდა სინოდის მიღმა დარჩეს.

მეუფე პეტრემ საპასუხო წერილით ვადა საპატრიარქოსაც და სინოდის წევრებსაც 6 თვე მისცა. ამ პერიოდში სხალთის ეპარქიის მეზობელმა მღვდელმთავრებმა სპირიდონის ქმედებები უნდა შეისწავლონ.

თუკი მთავარეპისკოპოსი საკუთარ ქადაგებაში გაჟღერებულ ბრალდებებს ვერ დაამტკიცებს, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მას მოუწევს დატოვოს საეპისკოპოსო, სასულიერო წოდება და ჯილდოდ გადაცემული პანაღია.

დღის ამბები