19 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
"ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ სცნობენ - ადვოკატი 

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ სცნობენ.

ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთი დაკავებულის, თორნიკე ტატიშვილის, ადვოკატმა გააკეთა.

უფლებადამცველი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი დიღმის მე-8 კორპუსში შემოწმება სრულყოფილად, სპეციალური აპარატებით მოხდა და იქ საეჭვო ვერაფერი შეინიშნებოდა.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ტრაგედია დეუდევრობამ გამოიწვია და აფეთქება ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

„არ აღიარებენ იმიტომ, რომ შემოწმება მოხდა სრულყოფილად, სპეციალური აპარატების და სითხის მეშვეობით და არ დაფიქსირდა გაჟონვის კვალი. არ ვიცი, ჯერჯერობით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს. ვარაუდის დონეზე, ალბათ, გაჟონვა მოხდა დახურული ბინიდან იმიტომ, რომ სადარბაზოს სრულად იქნა შემოწმებული და არ გამოჩნდა არც სუნი და არც გაჟონვის კვალი,“ - განაცხადა ყაზტრნასგაზის თანამშრომლის ადვოკატმა.

ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს სამართალდამცველები ბრალს დღეს, დაახლოებით, ერთ საათში წაუყენებენ.

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაკეტილი ბინის მფლობელს, გურგენ თხელიძე საჯარო განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მერვე კორპუსის მცხოვრებლები მეორე დღეა კორპუსში შესვლის ნებართვას ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, ბინაში შესვლის საშუალებას პოლიციელები დღეს მისცემენ. 

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.  

 

 

 

დღის ამბები