დაძაბული ვითარებაა ათენში - ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. 10 ათასობით ბერძენი საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტში ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმება რატიფიცირებისთვის გადაიგზავნა. საუბარია ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელიც მაკედონიის სახელის გადარქმევას ეხება.
მომიტინგეები დოკუმენტის ანულირებას მოითხოვენ. ბერძნები ნახევარ საუკუნეზე მეტია, სკოპიესგან ქვეყნის სახელის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მაკედონია უძველესი ბერძნული დასახლების სახელწოდებაა. ამ დავის გამო, ათენი მაკედონიის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასაც ბლოკავდა.
ათენმა და სკოპიემ გასული წლის ზაფხულში შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ისტორიული დოკუმენტი ბერძნების ნაწილს არ მოსწონს. ამის გამო ქვეყანაში მმართველი კოალიციაც კი დაიშალა.