აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლის მოთხოვნით -არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შექმნილ პოლიტიზირებულ ვითარებაში კანონპროექტის დახვეწა გამოსავალი არ იქნება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა შეიცვალოს.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თუ ისევ საბჭოს დღევანდელმა შემადგენლობამ უნდა იმსჯელოს კანდიდატურებზე, რაც არ უნდა კარგი გახდეს კანონი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავიჯეროთ ჩვენ ეს ზღაპარი, რომ ეს ხალხი, თუნდაც კარგი კანონის პირობებში უკეთეს კანდიდატურებს შესთავაზებს პარლამენტს,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ მანიფესტს და საერთო მოთხოვნებს გაახმაურებენ.
„მთელი ეს პროცესი, რაზეც ჩვენ წინა კვირაშიც ვსაუბრობდით და უკვე დღეს მანიფესტის სახით იუსტიციის საბჭოს წინ აქციაზე გავაჟღერებთ, არის გამოწვეული იმ მოვლენებით, რასაც ადგილი აქვს სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში,“-აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.