24 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
დაპირისპირება სპორტის სასახლეში - ოპოზიცია გეგეშიძის პასუხისგებაში მიცემას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი - შს სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც  სპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალური კადრები „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა.

ვიდეომასალაში ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. ოპოზიცია გეგეშიძის გადადგომას, მის პასუხისგებაში მიცემას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ამისთვის კი ისინი ყველანაირი კანონიერი გზის გამოყენებას აპირებენ.

„არც ერიდებიან დღისით, მზისით, კამერების წინ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას, იმიტომ რომ იციან რომ მათ ზურგს უკან დგას კალაძე და ივანიშვილი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც აქვს პოლიტიკურ პარტია, რომ კანონის ძალით ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების თვითმხილველების გამოკითხვა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მოწმეთა განმარტებით, მათ უწყებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხულთა შორის იყვნენ ნაკრების ექიმი და ჟურნალისტი.

შსს კი სპორტის სასახლეში მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირების სასამართლო წესით გამოკითხვის მოთხოვნით დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. 
ერთ-ერთი ვის გამოკითხვასაც სასამართლოში შსს ითხოვს, დაპირისპირებაში მონაწილე ევროპის ჩემპიონია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები