იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება. ცნობილია, რომ გასაუბრების პროცესში შვიდი კანდიდატი იღებს მონაწილეობს.
საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ოქტომბერში დაიწყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაჭიანურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი იყოს.
არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვანად მიიჩნევენ.
„როცა ასე გრძელდება გასაუბრების ეტაპი ჩნდება კითხვა და ეჭვი, ხომ არ არის ეს დაკავშირებული უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების არჩევასთან.რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების შერჩევასა და პროტესტს, საინტერესოა რა მოთხოვნებს დააყენებს სამოქალაქო საზოგადოება,“-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაც და გასაუბრებაც აქციის ფონზე ჩაივლის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შექმნილ პოლიტიზირებულ ვითარებაში კანონპროექტის დახვეწა გამოსავალი არ იქნება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა შეიცვალოს.