25 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
"ასე მოვტყუვდით ერთხელ, როდესაც შოთაძე გადავაყენეთ და უარესი შოთაძე მივიღეთ" - ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლას ითხოვს 

უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების მხრიდან თვითაცილება არის ერთგვარი ტაქტიკური სვლა და პოლიტიკური გარიგება - ასეთია ოპოზიციის შეფასება მოსამართლეთა სკანდალური სიის წევრების გადაწყვეტილებაზე.

"ევროპული საქართველოში" ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დროებით დაიხია უკან და ეს საზოგადოების ზეწოლამ განაპირობა. თუმცა ირაკლი აბესაძის განცხადებით, მომხდარი მხოლოდ ნაწილობრივი გამარჯვებაა და ახლა აუცილებელია საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი.

„მნიშვნელოვანია სასამართლოში სრულად ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და რა თქმა უნდა  მოწვეულ იყვნენ მათშორის უცხოელი მოსამართლეებიც. ვინაიდან ჩვენ კარგად ვხედავთ რომ სამომავლოდ თუნდაც მომდევნო ხელისუფლებასაც ექნება ცდუნება სასამართლო სისტემაზე გავლენის შენარჩუნების. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სისტემა იყოს სრულად ჯანსაღი,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი კი ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას მიიჩნევს.

„ეს არანაირი გამარჯვება არ არის. ჩვენ ასე მოვტყუვდით ერთხელ როდესაც შოთაძე გადავაყენეთ და უარესი შოთაძე მივიღეთ. თავი რომ არ მოვიტყუოთ და ჩვენ თვითონ არ დავეხმაროთ საკუთარ თავს ნაცრის შეყრაში, ამიტომ ბოლომდე არის ეს ბრძოლა მისაყვანი. და ბოლო იქნება  ის რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს მთლიანად,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოსამართლეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერიც. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ამ თითქოს და უკან დახევით ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს არ ერევა სასამართლოს სისტემაში.

„ესენი ხომ ყველა ნაბიჯს ამართლებენ წინა ხელისუფლების სისასტიკით ბრჭყალებში და ბრჭყალების მოხსნის გარეშეც. და ვითომ ეს ხელისუფლება არ ერევა და ასე თავისუფალია  სასამართლო სისტემა რომ უზენაესის მოსამართლეებმა უარი თქვეს ამაზე. ეს ასე არ არის.  მოხდა ზეწოლა საზოგადოებრივი, სახალხო ზეწოლა იმ უმსგავს კლანურ გადაწყვეტილებაზე, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ უკვე წლებია ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში და დროებით დაიხიეს უკან,“-ამბობს ბარამიძე. 

დღის ამბები