20 აპრილი 2019,   09:22
ვრცლად
პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი და არავისთან მოსარიდებელი არ მაქვს - ფოფხაძე უმრავლესობის სხდომაზე დასწრებას გეგმავს 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდის ე.წ. ამბოხებული დეპუტატები დასწრებას გეგმავენ. განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიწვევა არ მიუღია, თუმცა დასწრებას მაინც გეგმავს.

ფოფხაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში არ დაესწრება სხდომას თუ ამას თავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეტყვის.

ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მისი და ეკა ბესელიას გარიცხვის თემა იყოს.

„ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი და არავისთან მოსარიდებელი არაფერი არ მაქვს. მგონია, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი არის ძალიან პრინციპული, ამიტომ იმის გამო რომ ადამიანი გარიცხო უმრავლესობიდან ან საერთოდ რაღაც სანქციები გამოიყენო ეს ჩემი აზრით, არანაირი სტანდარტით და ლოგიკით არ შეიძლება იყოს მერე ახსნილი. ამიტომ ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ და არ მაინტერესებს,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატი ასევე, ამბობს, რომ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა მოხდეს უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხის განხილვა. 

„მგონია, რომ უმრავლესობამ პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებიდან უნდა იყოს გამომდინარე უკვე სტანდარტები, კრიტერიუმები და კანდიდატურები, რომლებზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის სხდომას ვერ დაესწრება, რადგან საქართველოში არ იმყოფება. სტრასბურგში მივლინებით იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები