19 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს აპროტესტებს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 15 სხვადასხვა ლოკაციაზე ინერტული მასალის მოპოვება უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე, ხდებოდა და ამ პროცესში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, მოპოვებული ქვა-ღორღის ნაწილი მათ ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მიზნით გადასცეს, ნაწილი კი გაყიდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრი, რევაზ ხარაზი, მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

"ამ და სხვა ლოკაციებზე მოხდა უკანონოდ, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ყოველგვარი გასწორხაზოვნების, თუნდაც მუნიციპალიტეტის ნებართვის გარეშე, რომელსაც არა აქვს გაცემული. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზია არა აქვს გაცემული ინერტული მასალის მოპოვებაზე. მოხდა ინერტული მასალების დატაცება. უფრო მეტიც, ამ ყველაფერში აჭარის საგზაო დეპარტამენტს გახარჯული აქვს ასობით ათასი ლარი საწვავის შესაძენად. დაიწყოს სასწრაფოდ იმ ადამიანების დასჯა, ვინც ეს უკანონობა ჩაიტანა და ვინც ეს ეკოლოგიური ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს,“ - განაცხადა რევაზ ხარაზმა. 

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის, თქმით, "მასალის მოპოვებასთან დაკავშირებული რაიმე სახის საქმიანობა დეპარტამენტს არ განუხორციელებია და ვერც განახორციელებდა კანონიდან გამომდინარე". 

"ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად როცა ხდება ჩამონაშალი მასალის დასაწყობება, ამის შედეგად დეპარტამენტს წარმოექმნება გარკვეული სახის ხრეშოვანი მასალა, რომელსაც იყენებს გზებზე მოპირკეთებითი სამუშაოების განსახორციელებლად. რაც შეეხება მასალის მოპოვებას ან მოპოვებასთან დაკავშირებულ რაიმე სახის საქმიანობას, ასეთი რამე დეპარტამენტს არ განუხორციელებია, ვერც განახორციელებს კანონიდან გამომდინარე," - განმარტა მალხაზ ბოლქვაძემ.

დღის ამბები