4 წლის გოგონას ცხედარს, რომელიც დღეს დილით სანზონაში გარდაცვლილი იპოვეს, სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა პატარა გოგონას გარდაცვალების მიზეზი.
გამოძიებამ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ნინო ზალინაშვილის დედა დააკავა.
4 წლის ნინო ზალინაშვილი ზიგზაგის ქუჩაზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. ამ დრომდე ოჯახმა არ იცის, რა გახდა მცირეწლოვანის სიკვდილის მიზეზი.
კურიერთან საუბრის დროს ბავშვის ბებია იხსენებს, რომ დილით 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ რძალმა აცნობდა და სასწრაფოს გამოძახება სთხოვა.
ბავშვის მშობლები ამტკიცებენ, რომ მოზარდი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა, ამ ვერსიას კითხვის ქვეშ მეზობლების მონათხრობი აყენებს. ისინი შემზარავ ფაქტებს ყვებიან. პატარა გოგონა ეზოში დალურჯებული ხშირად უნახავთ.
4 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში სხვა ოჯახში იზრდებოდა. ბოლოს, დედასთან და-ძმებთან და მამინაცვალთან ერთად, ზიგზაგის ქუჩაზე ცხოვრობდა.
მეზობლები ყვებიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო. ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით საპატრულო პოლიციას არაერთხელ მიმართეს, ბოლოს, მცირეწლოვანზე ძალადობის გამო, სამართალდამცველები აქ ერთი კვირის წინ გამოიძახეს. მაშინ პოლიციამ ბავშვის დედა გამოკითხა, თუმცა, ძალადობის ძიება აღარ განაგრძო.
მეზობლების ინფორმაციითვე, ძალადობის კვალი ბავშვის სხეულზე ხშირად შეინიშნებოდა. ეჭვობენ, რომ დედას 4 წლის გოგონა შემოაკვდა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, სასწრაფოს დახმარებისთვის მიმართა.
ბავშვის ბებია ოჯახში მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტებს უარყოფს. ამბობს, რომ გოგონა ბანაობის დროს ტიროდა და მეზობლებს ეს ძალადობა ეგონათ.